Wednesday, October 14, 2009





პროექტის სახელი: ,,აბრეშუმის ჭიიდან ფერად ქსოვილებამდე”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ აბრეშუმის ქსოვილის წარმოშობის და განვითარების ისტორიას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ აბრეშუმის წარმოშობის ისტორიას. გაეცნობიან იმ ეპოქას, როცა მსოფლიოში ცნობილი ჩინური აბრეშუმი საქარავნო გზებით სხვა კონტინენტებზე ხვდებოდა. გაეცნობიან საქართველოში უძველეს ტრადიციულ დარგს-მეაბრეშუმეობას. მოიძიებენ ინფორმაციას ძველად ოჯახურ პირობებში როგორ იღებდნენ აბრეშუმის ძაფს და მისგან ქსოვდნენ ულამაზეს ქამრებს, ცხვირსახოცებს, პერანგებს და სხვ.
შეისწავლიან თანამედროვე ეპოქაში როგორ ხდება ბოჭკოების მიღება ქიმიური გზით. გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის და შეადარებენ ბუნებრივი და ხელოვნური აბრეშუმის თვისებებს, მათი მიღების გზებს და გამოყენებას. მოიძიებენ მასალებს აბრეშუმის ჭიის შესახებ. გაეცნობიან: ჭიის ანატომიას (საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჯირკვლის რეზერვუარი, კუნთოვანი სისტემა და სხვა), მისი ბიოლოგიური განვითარების  ფაზებს.
ესტუმრებიან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს.
მონაწილეთა ასაკი, კლასი: 12-16 წელი. VII-X კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , ფოტოალბომის შექმნა, პრეზენტაციის მოწყობა…
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომებს, სხვადასხვა ჯიშის თუთის ფოთლების ჰერბარიუმებს, აბრეშუმხვევიას ჭიის ბიოლოგიური განვითარების ამსახველ სხვადასხვა სახის ექსპონატებს. მოაგროვებენ ვიდეო მასალას, მოაწყობენ პრეზენტაციებს, ესტუმრებიან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს. 
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის მონაწილეები და სხვა დაინტერესებული პირები გაეცნობიან აბრეშუმის განვითარების ისტორიას, ქართულ აბრეშუმს, რომელიც გამოირჩევა თავისი მაღალი ხარისხით, გაიღრმავებენ ცოდნას ბუნებრივი და ხელოვნური აბრეშუმის წარმოების შესახებ, გაიგებენ რა აკავშირებს აბრეშუმის ქსოვილს ეკლესიასთან, მედიცინასთან.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია- აგროვებენ ინფორმაციას ბუნებრივი და სინთეზური ნივთიერებების შესახებ, მსჯელობენ მათ დანიშნულებაზე. აგროვებენ და აანალიზებენ სხვადასხვა სფეროსთან ქიმიის კავშირის დამადასტურებელ ინფორმაციას. ადარებენ თანამედროვეობას წარსულ გამოცდილებას. სქემატურად გამოსახავენ ზოგიერთი პროდუქტის მიღების ეტაპებს, და მსჯელობენ შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებში ქიმიის როლზე. ქრონოლოგიური თვალსაზრისით განიხილავენ ბუნებრივი მასალების ხელოვნურით ჩანაცვლების პროცესს  კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. აანალიზებენ ამ პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებს.
ბიოლოგია- აგროვებენ ინფორმაციას ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე (მაგ; სრული და არასრული გარდაქცევა) და მსჯელობენ მათი შეგუებითი როლის შესახებ. მონაცემებს წარმოადგენენ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ; ცხრილი, დიაგრამა).
ისტორია, გეოგრაფია- მოსწავლეები დროის სკალაზე აღნიშნავენ და განიხილავენ რომელიმე იდეას (აღმოჩენას), რომლებმაც, მისი აზრით, გამოიწვიეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში უძველესი დროიდან დღემდე. საქართველოს ან სხვა ქვეყნის ისტორიიდან მოჰყავთ მაგალითები, რომელთა საფუძველზე ადარებენ განვითარების სხვადასხვა დონის პირობებში ვაჭრობის მნიშვნელობას იქ მცხოვრები ადამიანებისთვის; კონტურულ რუკაზე აღნიშნავენ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ეპოქაში არსებულ სავაჭრო გზებს, რომელთა მეშვეობით  ჩვენი ქვეყანა აწარმოებდა ვაჭრობას სხვა სახელმწიფოებთან. ერთმანეთს ადარებს განსხვავებულ ეპოქებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას.
ხელოვნება- მოსწავლეები იკვლევენ რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებულ ხელოვნების ნიმუშებს, მოიძიებენ ერთი და იმავე თემაზე შექმნილ ნამუშევრებს სხვადასხვა კულტურაში და ადარებენ ერთმანეთს. ამოიცნობენ ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური დეტალების (სამოსი, ავეჯი, ჭურჭელი და სხვ.) და სტილის ნიშნების მიხედვით. მათ მიერ შერჩეული თემის ირგვლივ მოიძიებენ მასალას, აკვირდებიან ვიზუალურ დეტალებს და მათი გამოყენებით ქმნიან ერთიან კომპოზიციურ მთლიანობას. ადარებენ ქართული ხალხური შემოქმედების რომელიმე დარგის ნიმუშს სხვა ქვეყნის იმავე დარგის ნიმუშთან.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ ხადური
ფასილიტატორის ელფოსტა: tamunakhaduri@gmail.com